ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და მედიის წარმომადგენელთა შორის დპირისპირების მაგალითები აისახა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ
„წინასაარჩევნო პერიოდში ტელემედია სივრცეში მიმდინარე მოვლენების“ ანალიზში, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
როგორც პრეზენტაციაზე დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა მამუკა ანდღულაძემ აღნიშნა, ბოლო 4 თვეა რეგიონებში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ახლადშექმნილი მედია-ჯგუფის ჟურნალისტები „ინფო-9“-სა და „მე-9 არხის“ რეგიონულ ჟურნალისტებს სისტემატურად დასდევენ.
მისი თქმით, ხშირია ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისა და ჟურნალისტებს შორის დპირისპირების მაგალითები, რაც ქართულ მედიაგარემოზე დადებითად არ აისახება.
„საქართველოს ტელემაუწყებლობა კვლავ მჭიდროდაა დაკავშირებული პოლიტიკასთან. მოახლოებული არჩევნების წინ, ტელევიზიის სექტორში მიმდინარე მოვლენები საქართველოს მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს ასახავს. ყველა ძირითადი არხი, რომელიც მოვლენებს აშუქებს ან მთავრობას ეკუთვნის ან გარკვეული ნიუანსებით მთავრობის შეცვლას და ოპოზიციას უჭერს მხარს“-განაცხადა ანდღულაძემ.
მისივე თქმით, 2012 წლის ბოლო 4 თვეში ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშგებაში ასახული შემოსავლები 2011 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა.
ანდღულაძის განცხადებით, შედარებით მცირე არხებმა, მათ შორის, „მაესტრომ“, „კავკასიამ“ და „25-ე არხმა“ კი, 2011 წლის ამავე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რისი წყაროც, ძირითადად „ქართული ოცნების“ სარეკლამო ხარჯები იყო.
ანალიზის თანახმად, პროსამთავრობო არხები - „იმედი“ და „რუსთავი 2“ კვლავ ყველაზე პოპულარულია, როგორც საინფორმაციო გამოშვებებით, ისე მიმდინარე მოვლენების გაშუქების თვალსაზრისით.
ანალიზი, ამავე დროს, აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია „კავკასიისა“ და „მაესტროს“ მაყურებელთა რაოდენობა 2011 წლის შემდეგ გაიზარდა.
როგორც ანალიზის ავტორებმა აღნიშნეს, არჩევნების წინ სავალდებულო და აუცილებელი წესების შემოღება მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯია, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს იმ არხებით ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულნი არიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციებით გამოდიან.
კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობამ და ახალმა პარლამენტმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავება პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს.
მათივე განცხადებით, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროკურატურამ და სასამართლომ მედიასაშუალებებთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოძიება სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა წარმართონ.
ამასთან, ორგანიზაცია აჭარის ტელევიზიისთვის სტატუსის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა.

















