პროფკავშირების წარმომადგენლები დღეს გააკეთებენ განცხადებას პრესისთვის და მიმართვას მთავრობისადმი, რომელშიც ასახული
იქნება საერთაშორისო ექსპერტებთან, იურისტებთან და ეკონომისტებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებული პრიორიტეტული მოთხოვნები პენსიის ინდექსაციის აუცილებლობაზე, ფორმებზე და სოციალური დაცვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
„საბაზისო პენსია და მისი ინდექსაცია არის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც სოციალური დაცვის საკითხებს ეძღვნება და სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში იმართება. საკითხის განხილვას დიდი დრო დაეთმო და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ქართულ რეალობასთან შესაბამისი ინიციატივაც მომზადდა“-აცხადებენ პროფკავშირებში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

















