პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და მათი აქტივისტების შეხვედრების გაშუქებისას ზოგიერთი მედიასაშუალების ქმედება, ასევე ამ საინფორმაციო საშუალებების
მიმართ განსხვავებული სარედაქციო პოზიციის მქონე ჟურნალისტთა ქმედებები, ნორმალურ წინასაარჩევნო ატმოსფეროს საფრთხეს უქმნის. ამ დასკვნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია აკეთებს.
როგორც კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი ტიპის ქმედებები ძალადობის პროვოცირების პოტენციალს შეიცავს.
„ერთის მხრივ, ხელი ეშლება პარტიების მიერ პოლიტიკური კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას, მეორეს მხრივ კი, მედია საშუალებების ნორმალურ საქმიანობას“-მიიჩნევს კომისია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა სარედაქციო პოზიციის მქონე ჟურნალისტებს კანდიდატებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის უფლება აქვთ, მაგრამ ეს საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობისგან განსხვავდება.
ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებს შეკითხვების თავისი კოლეგებისთვის დასმის უფლებაც აქვთ, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამან ჟურნალისტური საქმიანობის საბოტაჟის სახე არ უნდა მიიღოს.
უწყებათაშორისი კომისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას მედიასაშუალებების საქმიანობის რეგულირების თვალსაზრისით არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია, თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მედიას მსგავსი პრაქტიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

















