კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უხუცესი
თანამშრომელი, ცნობილი ფილოლოგი და დიდი მეცნიერი მიხეილ ქავთარია გარდაიცვალა.
იგი დაარსების დღიდან, კერძოდ, 1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ყოფილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი). წლების განმავლობაში იგი იყო საარქივო ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი, ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში.
მიხეილ ქავთარია დაიბადა 1929 წლის 19 სექტემბერს. 1952 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954-1957 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც დედამისის ბიძა იყო, ისევე როგორც კალისტრატე ცინცაძე. ბატონი მიხეილ ქავთარია იყო ფართო დიაპაზონის ფილოლოგი, გამორჩეული არქეოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე, კვალიფიციური მკვლევარი, რომელიც ერთნაირად ფლობდა როგორც ქართულ მწერლობას, ისე საქართველოს ისტორიის საკითხებს. იგი იყო გამორჩეული ხელნაწერთმცოდნე, სწორედ ამიტომ იყო ყველაზე დიდი ავტორიტეტი, როდესაც საქმე ქართულ ხელნაწერს ეხებოდა და სწორედ ამიტომ მიმართავდა ყველა კონსულტაციისთვის.
მრავალმხრივი იყო ბატონი მიხეილის მეცნიერული ინტერესები. იგი იკვლევდა როგორც ძველი, ისე აღორძინების ხანის მწერლობას. 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - „ბესარიონ ორბელიშვილის შემოქმედება“, რომელშიც მან გამოამზეურა ბესარიონ ორბელიშვილის აქამდე უცნობი აგიოგრაფიული ნაწარმოებები და ხელმისაწვდომი გახადა სამეცნიერო საზოგადოებისთვის. 1977 წელს კი დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თემაზე- “XVII-XVIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია”. ამ მონოგრაფიამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა, რადგან მასში შესწავლილია და გამოქვეყნებული აღორძინების ხანის ქართველ ჰიმნოგრაფთა მემკვიდრეობა და ასევე ღრმადაა შესწავლილი ლიტურგიკული კრებულის, სადღესასწაულოს წარმოშობისა და რედაქციებად დაყოფის საკითხი. მნიშვნელოვანია მიხეილ ქავთარიას ნაშრომები: „XVIII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან“ (ანტონ I კათალიკოსის ეპისტოლარულ მემკვიდრეობაზე); „დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა“ და სხვ. მიხეილ ქავთარიას მეცნიერულ საქმიანობაში დიდი ადგილი ეჭირა არქეოგრაფიულ სამუშაოს. იგი აქტიური მონაწილე იყო (როგორც აღმწერი თუ რედაქტორი) ქართულ ხელნაწერთა აღწერილობების შედგენისა როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში, ისე საქართველოსა და უცხოეთში არსებულ სხვა სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ხელნაწერებისა.

















