14 აპრილის, 14:00 საათზე, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიესა და ეზოში, ქართული ენის
დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.
ამავე დღის 20:00 საათზე, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობაზე 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერი“ მოეწყობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა. სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები. ხელისუფლება იძულებული გახდა დაეთმო.

















