"ქართული საგალობლები არის უნიკალური მოვლენა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის
მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება", - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების - ნევმების - კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.
ბახტაძემ მადლობა გადაუხადა მეცნიერებს, რომლებიც ამ კვლევის ფარგლებში მწირი დაფინანსების პირობებში მუშაობდნენ.
"ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, იმით, რომ ქართველ ერს უნიკალური წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში. როდესაც ვსაუბრობთ მსოფლიო ცივილიზაციაში ჩვენს წვლილზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობთ ქართულ მრავალხმიანობას, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც შეინარჩუნა ეს უნიკალური სიმდიდრე მომავალი თაობებისთვის, ვინაიდან, საქართველოს ისტორიაში არსებობდა ისეთი პერიოდები, როდესაც მართლაც დიდი რისკის ქვეშ იდგა ამ უნიკალური საგანძურის შენარჩუნება", - აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.
მისივე თქმით, დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქართულ ფოლკლორს და საგალობლებს საქართველოს მასშტაბით ყველგან შეასწავლიან.
მამუკა ბახტაძის აზრით, საჭიროა ქართული საგალობლების მეტი პოპულარიზაცია საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით, რათა მომავალ თაობებს გადაეცეს.
მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების - ნევმების - კვლევის შედეგების პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.
ნევმირებულ ძილისპირებსა და მიქაელ მოდრეკილის იადგარში დაცულ ნევმურ სისტემას წლების განმავლობაში ანჩისხატის გუნდის წევრები მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი იკვლევდნენ.

















