10 აპრილს საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ გამოფენაზე ვახტანგ კოტეტიშვილის
შვილიშვილი, მხატვარი გუგა კოტეტიშვილი ოფიციალურად გადასცემს ეროვნულ მუზეუმს ქანდაკებას, რომელიც თანამედროვე ქართული ქანდაკების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.
ვახტანგ კოტეტიშვილს, როგორც მოქანდაკეს, ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს. იგი რეპრესირებული მხატვარია, რის გამოც ათწლეულების განმავლობაში მისი ნამუშევრები არ იფინებოდა და არ იბეჭდებოდა სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურაში.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენაზე "წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" წარმოდგენილმა კოტეტიშვილის ექვსმა ნამუშევარმა დამთვალიერებლის უდიდესი ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებულია "დაჩოქილი მამაკაცის ფიგურა", რომელიც დიდ მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, 30-იანი წლების ქართულ ხელოვნებაში ის იშვიათი ნამუშევარია, რომელიც აჩვენებს ტოტალიტარულ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანის რეალურ სახეს.
ქანდაკება შეემატება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამედროვე ქანდაკების კოლექციას.

















