თბილისში, ქართველი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი ექსპერტებისა და სოფლის განვითარების
პოლიტიკის შემქმნელთა მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ - ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ გაიმართა.
სოფლის განვითარების კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.
ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
სოფლის განვითარების კონფერენცია ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.

















