აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის „ხსოვნის კვირეულის“ ფარგლებში, დღეს თბილისის მერმა
გიგი უგულავამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისაცემად, დღეს სახელმწიფო დროშა თბილისის მერიის შენობაზეც დაეშვა.
უგულავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, საქართველო წინ მიდის და ეს განვითარება იმ ადამიანების დამსახურებაა ვინც სამშობლოს დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაიღო.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, ომს რუსეთის მხრიდან მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და არმიაში, ათი ათასობით ადამიანი დევნილი გახდა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.
პრეზიდენტის განკარგულებით, 7 და 8 აგვისტოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

















