"ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები ცხადყოფს, რომ საქართველოსადმი ნდობა
ძალიან მაღალია, ბიზნესგარემო კი საკმაოდ პოზიტიურადაა შეფასებული", - განაცხადა თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ, 2019 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეფასებისას.
მისი თქმით, აღნიშნული ბოლო დროს გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია, თუმცა, ჭარაიას შეფასებით, საჭიროა ამ მიღწევების მოსახლეობის ფართო ფენებზე გადანაწილებაზე მუშაობის გაძლიერება, რომ გავზარდოთ თითოეული ქართული ოჯახის შემოსავლების მოცულობა.
"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-თებერვალის საშუალო ზრდა კი 4.1 პროცენტს გაუტოლდა. აგრეთვე, 2019 წლის თებერვალში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8 პროცენტით არის გაზრდილი.
თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის შეფასებით, ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ჩავარდნა არ გვაქვს, თუმცა ათწლეულების განმავლობაში არსებული დაბალი ინკლუზიურობის პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება და შესაბამისად ეს პოზიტიური მაჩვენებლები მოსახლეობის ფართო ფენებზე თანაბრად არ ვრცელდება, რაც ხშირად მათ უკმაყოფილებას იწვევს.
"წარმატების მიღწევა განათლებასა და მეცნიერებაში მეტი რესურსის ჩადების გარეშე შეუძლებელია და ამას საბედნიეროდ მთავრობა აცნობიერებს და შესაბამის რეფორმებსაც აანონსებს, რასაც მე მივესალმები. ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა ძლიერი ეკონომიკის საწინდარია", - განაცხადა თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა.

















