არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტი“ ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების უკანონო დაპატიმრებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „დედათა კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების ავტორთა თქმით, დღეისთვის ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში შემაშფოთებელი მდგომარეობაა.
„დღითიდღე იზრდება უკანონო პატიმართა, პოლიტიკური ნიშნით დევნილთა და დაპატიმრებულთა რიცხვი, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. „დედათა კომიტეტში“ სისტემატური ხასიათი მიიღო უკანონოდ გასამართლებული ადამიანების საქმეების წარმოდგენამ“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „დედათა კომიტეტში“ აღნიშნავენ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომიტეტი ქმნის სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელ მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებულთა საქმეებს განიხილავს.
ამავე დროს, „დედათა კომიტეტი“ გამოდის ინიციატივით და კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას „პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლად“ გამოაცხადოს ყველა ის პატიმარი, ვინც ბოლო წლების განმავლობაში საპატიმროებში სხვადასხვა მიზეზით გარდაიცვალა.
„პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლად“ უნდა გამოცხადდნენ ის პატიმრები, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაინვალიდდნენ და ჯანმრთელობა შეერყათ. ასევე, ყველა ის პატიმარი, რომელიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას ექვემდებარება და სხვადასხვა აბსურდულ მიზეზთა გამო არ ათავისუფლებენ, ვინაიდან სახელმწიფოში შერჩევითი სამართალია გამეფებული“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
„დედათა კომიტეტის“ წევრები დაინტერესებულ პირებს პროექტში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

















