2019 წლის 26 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, მონაწილოება მიიღო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის
საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმში, სადაც ქალთა გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ სხვადასხვა სექტორში მომუშავე ადამიანების ხედვა მოისმინეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარე, აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებზე ისაუბრა.
ლომჯარიას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა; დაიხვეწა შესაბამისი კანონმდებლობა და ინსტიტუციური მექანიზმები, გაძლიერდა საქართველოს შს სამინისტროს როლი, მისასალმებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს აქტიურობა.
განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა, ქალებმა რომლებმაც საკუთარი გამოცდილების შესაბამისად არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის ადვოკატირება და მათზე საზოგადოების ყურადღება მიპყრობა შეძლეს; განსაკუთრებით სექსუალური შევიწროების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების წინ წამოსაწევად.

















