გოაში წმ. ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი „KETEVAN
– World Sacred Music Festival“ გაიმართა, რომელიც უკვე მეოთხე წელიწადია ტარდება.
ღონისძიების გახსნისას, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ინდოეთის, საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, არგენტინის, იტალიის, ნიდერლანდებისა და კანადის 50-ზე მეტმა მუსიკოსმა. საქართველო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ანსამბლ „სახიობას“ მიერ, რომელმაც შეასრულა ქართული საგალობლები და ხალხური სიმღერები ქართული ხალხური საკრავების თანმხლებით.

















