საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აბაშის გამგებელს გურამ გუნავას მოქალაქე ნათელა ცანავასთვის თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით მიმართავს.
ომბუდსმენი გამგებელს ცანავას ასაკის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებას სთხოვს.
აპარატის წარმომადგენლების განცხადებით, ცანავამ სახალხო დამცველს თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებით არაერთხელ მიმართა, თუმცა, თავისუფალი საბინაო ფართის არარსებობის საფუძვლით, მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე 68 წლის ცანავა მარტოხელაა. ის, დროებით, აბაშაში ნათესავის ბინაში ცხოვრობს, მისი შემოსავლის წყარო სახელმწიფო პენსია და საარსებო შემწეობაა.
„აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ცანავა უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს და მას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დამოუკიდებლად უზრუნველყოფისთვის საჭირო ფულადი სახსრები არ გააჩნია“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ირღვევა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება.

















