დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა
, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ ცენტრის საქმიანობის და 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
მერაბ ჩუხუამ ჩერქეზული კულტურის დღე, 14 მარტი, კომიტეტის წევრებს, სხდომაზე დამსწრე ჩერქეზ სტუმრებს და სრულიად საქართველოს მიულოცა.
კომიტეტის სხდომაზე გამოცემის მოკლე პრეზენტაცია ცენტრის წარმომადგენელმა, მარიამ ბეჟიტაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, გამოცემა ასახავს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის, 2012-2018 წლების საქმიანობის ანგარიშს, რომელიც კავკასიის პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა ადამიანს მისცემს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ცენტრის საქმიანობის შესახებ.
ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა, ცენტრის გეგმების შესახებ ისაუბრა. გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბრის დროს მერაბ ჩუხუამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნიადაგის მომზადება იმ დროისათვის, როდესაც საქართველოს მიეცემა მეტი შესაძლებლობა უფრო ფართოდ განავითაროს ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჩერქეზებთან, როოგორც კავკასიაში, ისე მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში, სადაც კომპაქტურად მოსახლეობენ ჩერქეზები.
მომხსენებელმა მიზნების მიღწევის საშუალებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიტიური რეპუტაციისა და იმიჯის განმტკიცება. მომხსენებლის თქმითვე, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩერქეზი ხალხის თვალში, საქართველოს, როგორც მისი მეგობარი ქვეყნის და მონათესავე ერის წარმოჩენას, რომელიც ზრუნავს ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობების განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით. „ამით, საქართველო, რეგიონში და ევროპაში ხდება ქართული და ჩერქეზული კულტურების პროპაგანდის და პოპულარიზების საერთაშორისო ლობისტი“, - განაცხადა ცენტრის დირექტორმა.
მომხსენებელმა, სახელმწიფოს მხრიდან, სამეცნიერო, კვლევითი და კულტურული მიმართულებებით არსებული პროგრამების მხარადაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას პროგრამა, რომელიც კავკასიელ სტუდენტებს საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს და დაეხმარება ქვეყანას სპეციალური სელექციის ფარგლებში აარჩიოს ის სტუდენტები, რომელთა დაფინანსებაც სურს და უზრუნველყოს მათი სწავლა საქართველოში.
მერაბ ჩუხუამ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ფუნქციონირების სტრატეგიულ და სახელმწიფო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საკითხი, ცენტრის სტატუსის შენარჩუნების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით დადებითად გადაწყდა, რისთვისაც მან პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა ყურადღება სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების მიღმა, ცენტრის მხრიდან სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობდნენ ჩრდილოკავკასიელ კოლეგებთან, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებთან, არასამთავრობო და დიასპორულ ორგანიზაციებთან, რაც ქართველი და კავკასიელი ერების დაახლოებას, მათი კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მოხსენების დასასრულს, მერაბ ჩუხუამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარეს,ზვიად კვაჭანტირაძეს თანამშრომლობისთვის და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთობის იმედი გამოთქვა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ჩერქეზ ხალხს ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე მიულოცა და წარმატება და განვითარება უსურვა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრს, პროფესორ ცირა ბარამიძეს, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად ახალი ვადით არჩევა მიულოცა. „გილოცავთ და გისურვებთ დიდ წარმატებებს თქვენს უაღრესად საინტერესო და ქვეყნისთვის საჭირო საქმიანობაში“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

















