11 მარტიდან, სააღდგომო დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია.
დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათიდან ხუთშაბათამდე დიდი მწუხრის შემდეგ იკითხება წმ. ანდრია კრიტელის სინანულის კანონი. დიდი მარხვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია. სხვა სადაგ დღეებში წირვა არ ტარდება.
დიდმარხვის I შაბათს აღინიშნება ხსენება წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონისა. ამ დღეს ტაძრებში იკურთხება კოლიო. წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის აღსრულებიდან 50 წლის შემდეგ იმპერატორმა იულიანე განდგომილმა, რომელსაც სურდა დიდმარხვის ჩაშლა, პირველ შვიდეულში გასცა ბრძანება, რომ ყოველდღე, მთელი კვირის განმავლობაში, ესხურებინათ ნაკერპავი სისხლი ყველანაირ სურსათ-სანოვაგეზე, რომელსაც ბაზარში გამოიტანდნენ.
ამ დროს წმ. თეოდორე გამოეცხადა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს და მოუწოდა მას ეცნობებინა ყოველი ქრისტიანისათვის, რათა მათ არ ეყიდათ ბაზარზე გამოტანილი შებილწული საკვები და ეჭამათ მხოლოდ კოლიო, ანუ თაფლით შეზავებული მოხარშული ხორბალი.
ამ მოვლენის აღსანიშნავად მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის პირველ შაბათს აღასრულებს წმიდა თეოდორე ტირონისადმი სავედრებელ კანონს და აკურთხებს კოლიოს (წანდილს). ამ დღეს სრულდება იოანე ოქროპირის წირვა.
დიდი მარხვის I კვირას აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეიმი, დღე როდესაც საბოლოოდ გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ და დაიგმო ხატმებრძოლობა. სრულდება ბასილი დიდის წირვა.
შაბათსა და კვირას მკაცრი მარხვა არ შეიძლება.
დიდი მარხვის II, III და IV შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. იკურთხება საკურთხი. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.
7 აპრილს აღინიშნება ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ხსნილია თევზითა და ღვინით.
დიდი მარხვის IV კვირას არის ხსენება ღირსისა მამისა იოანე კიბისაღმწერელისა, რომელმაც აღწერა სათნოებათა კიბე აღმავალი ზეცად. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა.
დიდი მარხვის V შაბათს დაუჯდომლის შაბათი ეწოდება. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი გალობა, რომელიც დაწესებულია მოსახსენებლად კონსტანტინეპოლში აღვლენილი საყოველთაო და გულმხურვალე ლოცვისა, რომელიც შეისმინა დედამ ღვთისა და მისი შუამდგომლობით შეწყდა ღვთის რისხვა. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.
VI შაბათს ლაზარეს შაბათი ჰქვია. ამ დღეს ვდღესასწაულობთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას (წაიკითხეთ იოანეს სახარების მე-11 თავი). ტარდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა. ხსნილია თევზითა და ღვინით.
VI კვირა - ბზობაა, ანუ იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ტაძრებში იკურთხება ბზა. ხსნილია თევზითა და ღვინით. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.
დიდ მარხვას მოსდევს ვნების შვიდეული. მარხვა კვლავ უფრო მკაცრი ხდება, განსაკუთრებით დიდ პარასკევს - იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს.
დიდი ორშაბათიდან დიდ ხუთშაბათამდე ტაძარში იკითხება ოთხივე სახარება მთლიანად. ორშაბათიდან ოთხშაბათამდე სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია, დიდ ხუთშაბათს წმიდა ბასილი დიდის წირვა. ხუთშაბათის შემდეგ აღარ ითქმის ეფრემ ასურის ლოცვა.
დიდმარხვა წელს 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

















