საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა 10 აგვისტოს გაიმართება.
როგორც რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს სასამართლოში რადიო „ჰერეთი“ - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, ბოლო მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.
სამხარაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მდივანს დავით კლდიაშვილს შპს „მედია ჰაუს დეკომის“ ინტერესების დაცვისგან თავშეკავებას ურჩევს.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, „ჰერეთის“ წარმომადგენლებს არ ესიამოვნათ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე „მედია ჰაუს დეკომის“ ინტერესებს არა ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე, არამედ დავით კლდიაშვილი იცავდა.
მისი თქმით, კანონმდებლობა აღნიშნულ ქმედებას არ კრძალავს, თუმცა, კანონის გარდა არსებობს მორალური პრინციპები.
„ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული ფაქტი ეთიკის ქარტიის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, რადგან უხერხულია, როცა ეთიკის ქარტიის მდივანი რომელიმე მედიაკომპანიას იცავს“- განაცხადა რამაზ სამხარაძემ.
სასამართლო სხდომის დასკვნითი ეტაპი 10 აგვისტოს დაინიშნა, რომელზეც გადაწყდება გააუქმებს თუ არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას.
სამხარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ 10 აგვისტოს სხდომაზე სასამართლო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა მას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 30 სექტემბერს თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად რადიო „ჰერეთის“ განცხადება არ დააკმაყოფილა და გამარჯვებულ შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოაცხადა. რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონს უწოდებს. საქმესთან დაკავშირებით, თბილისი საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა უკვე 7 თვეა მიმდინარეობს.

















