ასოციაცია „ანიკა“ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამის“
შუალედურ პრეზენტაციას გამართავს.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საქართველოს შრომით ბაზარზე. სწორედ ამიტომ, პრეზენტაციის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდოთ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამის შესახებ“ დეტალური ინფორმაცია, გავაცნოთ პროექტის მონაწილეები, პარტნიორი კომპანიები, მიღწეული შედეგები და გამოწვევები.
პროგრამის შუალედურ პრეზენტაციას დაესწრებიან, როგორც პროგრამაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე ამჟამინდელი და პოტენციური დამსაქმებლები.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია და თბილისის მერიისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამა“ ხორციელდება „მსოფლიო ებრაელთა ფონდის“ (World Jewish Relief) მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმდა 25-მდე შშმ პირი.
„ანიკა“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს სხვადასხვა დამსაქმებელთან: “Wendy’s and Dunkin Donuts’, „ცესკო“, Myvideo.ge, Stamba Café, „112“ და სხვა“ - აღნიშნულია „ანიკას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზენტაცია 28 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება.

















