ქართველი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, ქართველი ემიგრანტები მეპატრონეებს უკანონოდ წართმეულ ბინებს დაუბრუნებენ.
ამის შესახებ ბიზნესმენის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულით–ხორცამდე შეძრა ჭაბუა ამირეჯიბის გუშინდელმა განცხადებამ.
ჩხარტიშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ პოლიტიკურმა ბრძოლამ საქართველოში ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, ფეხქვეშ ითელება ადამიანური და ოჯახური ღირებულებები. ასევე, პირადი ქონების ხელშეუხებლობის მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებული საკონსტიტუციო ნორმა.
„მე მომმართა არაერთმა ქართველმა, წარმატებულმა და შეძლებულმაც და რაც საგულისხმოა, ისეთებმაც, რომლებიც უცხოეთში ლუკმა–პურის საშოვნელად არიან გადახვეწილნი. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, გაეღოთ სახსრები უსამართლოდ გაჭირვებაში ჩავარდნილი ქართველების დასახმარებლად “ - აცხადებს ჩხარტიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ადამიანებს მათი მიზნის განხორციელების საშუალება ტექნიკური მაქინაციებით მოუსპო.
„გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა აუქციონში, რათა შევისყიდოთ და შემდგომ მეპატრონეებს დავუბრუნოთ აუქციონზე უსამართლოდ გატანილი საცხოვრებელი ბინები. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება საბოლოოდ არ დაკარგავს სახეს, ხელოვნური ბარიერებით კვლავაც არ შეეცდება ხელის შეშლას და უსახლკაროდ არ დატოვებს ისედაც უსამართლოდ დაჩაგრულ ქართულ ოჯახებს, რომელთა ბინების გამოსასყიდად აგერ უკვე მეორე დღეა ფულს მირიცხავენ ქართველი ემიგრანტები“ - ნათქვამია განცხადებაში.
მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა გუშინ წერილი გამოქვეყნა, სადაც ის უცხოეთსა და საქართველოში მცხოვრებ შეძლებულ მოქალაქეებს მიმართავს ჩაერთონ 3 აგვისტოს დაგეგმილ აუქციონში, შეისყიდონ და მფლობელობაში დაუბრუნონ ბინები იმ მოქალაქეებს , ვისაც საცხოვრებელი „ქართული ოცნების" ფონდში თანხის ჩარიცხვის გამო ჩამოართვეს.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პარასკევს, 3 აგვისტოს გაიმართება საჯარო აუქციონი, რომელზეც გასაყიდად გამოიტანენ იმ ქართველ მოქალაქეთა ბინებს, ვინც თანხა ჩარიცხა „ქართული ოცნების“ ფონდში. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში მცხოვრებ შეძლებულ მოქალაქეებს, შეისყიდოთ და მფლობელებს დაუბრუნოთ ეს ბინები. ვინც ჩემს თხოვნას დადებითად გამოეხმაურება, იგი არა მარტო უსახლკაროებისა და ახალი სახის ტერორისაგან იხსნის 6 ოჯახს, არამედ დიდ ზნეობრივ საქმესაც აღასრულებს თავისი საქციელით. ქართველებო, „ღმერთი არ ივიწყებს სიკეთეს“ - ნათქვამია ჭაბუა ამირეჯიბის განცხადებაში.

















