„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ წარმომადგენლების მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მერიის მაღალჩინოსანთა დასჯას ითხოვს - ამის შესახებ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
მისი თქმით, ისინი სასამართლოს გზით მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობას და პარკის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას ითხოვენ.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველის აპარატს ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია გადაეცა, რომელიც მერიის მიერ ჩადენილ უკანონობას ეხებოდა“ - განაცხადა მჟავანაძემ.
მისი თქმით, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ გიორგი ტუღუშის მიერ თბილისის მერის გიგი უგულავასადმი გაგზავნილი წერილი მიიღო.
„წერილში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების შენობის მშენებლობა სარეკრეაციო ზონაშია მოქცეული, ნორმატიული აქტებით დადგენილი აკრძალვებით, სარეკრეაციო ზონა რზ-2-ში მე-3 ან მე-4 კლასის შენობა-ნაგებობების განთავსების შესაძლებლობა დაუშვებელია“ - განაცხადა მჟავანაძემ.
მისივე თქმით, წერილში ასევე, აღნიშნულია, რომ გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის 21-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გიგი უგულავას თბილისის არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით მიმართავს.

















