დღეს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
დაჯილდოების ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე გახსნიან.
ღონისძიებას საჯარო და კერძო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თითოეული გამარჯვებული 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. დაჯილდოების ცერემონიალამდე ფინალისტი სტარტაპები საკუთარი პროექტის პრეზენტაციებით საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარსდგნენ. ჟიური მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებისგან იყო დაკომპლექტებული.

















