დღეიდან აბიტურიენტთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების შეტანა თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, ხოლო რეგიონებში - ყველა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრშია შესაძლებელი.
განაცხადები ყოველდღე, კვირის გარდა, 10.00-დან 18.00 საათამდე მიიღება.
პროცესი 8 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.
ყველა აპლიკანტს შეუძლია გაასაჩივროს ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება. სრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას წარადგენს.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. პირებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ამისთვის, მათ განცხადებით უნდა მიმართონ გამოცდების ეროვნულ ცენტრს საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.

















