Must Carry-ის პრინციპი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს - საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს მომხმარებლისთვის შეთავაზებულ
პაკეტში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი განათავსონ, ამოქმედდა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სავალდებულო ტრანზიტის შესახებ კანონი ძალაში არჩევნების დანიშვნიდან 3 დღეში უნდა შევიდეს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, ამ მიზნით ლიცენზირებულმა საერთო მაუწყებლებმა საკაბელოებს წერილობით უნდა მიმართონ და პაკეტში ჩასმა მოითხოვონ. ამის შემდეგ კი, საკაბელო ვალდებულია, ტელეკომპანიის სიგნალი გაავრცელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ მკაცრი სანქციები ამოქმედდება.
მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების, ასევე, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების სია კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე განათავსა.
Must Carry-ის პრინციპი, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სამოქალაქო სექტორმა ხელისუფლებას ჯერ კიდევ გაზაფხულზე შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, საარჩევნო კოდექსში ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს დაამტკიცა.
ახალი ნორმით, საკაბელო კომპანიებს წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ზონების მიხედვით ყველა მაუწყებლის ჩართვა არჩევნების დღემდე მოუწევთ.
ამასთან, საკაბელოები ვალდებულნი არიან, მომხმარებლისთვის სამაუწყებლო არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება უზრუნველყონ.
ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ტრანზიტზე ავტორიზებული პირი მიიღებს გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს ერთი წლით ავტორიზაციის ჩამორთმევას.
არჩევნების მეორე ტურის ან შუალედური არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულებები კენჭისყრის დღემდე გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედ მაუწყებლებსა და საკაბელოებზე.

















