სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა მათგანმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა, გემი
მას შემდეგ დატოვეს, როცა გემის მფლობელმა კომპანიამ მათ კუთვნილი ხელფასი გადაუხადა.
„ყველას თითო თვის ხელფასი დაგვაკლეს, რაზეც დავთანხმდით, რადგან ძალიან დავიღალეთ და სახლში დაბრუნება გვინდა“ - აღნიშნა ქოჩალიძემ.
მისივე ინფორმაციით, სახელფასო დავალიანება ეკიპაჟის 10 წევრიდან მხოლოდ ქართველ მეზღვაურებს აუნაზღაურეს, დანარჩენებს კი - დაპირდნენ, რომ კუთვნილ გასამრჯელოს 4 აგვისტოს მისცემდენენ.
გემზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი აზერბაიჯანის და ორიც თურქეთის, თუმცა, საქართველოს საელჩოს გარდა, დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა.
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, ეკიპაჟის 10 წევრი სამი თვე მიტოვებული იყო, მათ შორის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.

















