„მე-9 არხის” გენერალური დირექტორის კახა ბექაურის თქმით, ტელეკომპანია თავის პაკეტში ჯერ არც ერთ დიდ საკაბელო ოპერატორს არ ჩაუსვამს.
როგორც ბექაურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, მიუხედავად ტელეკომპანიის წერილობითი მოთხოვნისა, „კავკასუს ონლაინმა“, „აიეტმა“ „სილქნეტმა“ და სხვა დიდმა საკაბელო ოპერატორებმა „მე-9 არხის“ პაკეტში ჩასმაზე ჯერჯერობით თავი შეიკავეს.
მისივე თქმით, ტელეკომპანიის სიგნალის საკუთარი აბონენტებისთვის მიწოდებაზე თანხმობა მხოლოდ „მე-7 არხმა“ განაცხადა.
„აიეტმა“ გვითხრა, თავიდან მოგვწერეთ წერილი და პასუხს კვირის ბოლოს გაცნობებთო. იგივე გვითხრა „კავკასუსმაც“ - განაცხადა ბექაურმა და დასძინა, რომ საკაბელოების მხრიდან ეს კანონის დარღვევაა.
„მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამის შესახებ მან კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასაც მიმართა, თუმცა, უწყების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ხვალიდან ე.წ. Must Carry-ის პრინციპი უნდა ამოქმედდეს, რომლის მიხედვით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს - საკაბელო ოპერატორებს ვალდებულება ეკისრებათ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი განათავსონ.
ამ მიზნით ლიცენზირებულმა საერთო მაუწყებლებმა საკაბელოებს წერილობით უნდა მიმართონ და პაკეტში ჩასმა მოითხოვონ. ამის შემდეგ კი, საკაბელო ვალდებულია, ტელეკომპანიის სიგნალი გაავრცელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ მკაცრი სანქციები ამოქმედდება.

















