დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამა დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა დალი ხომერიკმა ქუთაისში, ბაღის შენობაში მცხოვრებ ნუცუბიძეების ოჯახს გააცნო.
ახალი პროგრამის მიზანი დევნილთა ჩართულობით მათი საჭიროებების გამოვლენა და სამინისტროსა და დევნილებს შორის არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესებაა.
,,შეიქმნა დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ადგილებზე დევნილების გამოკითხვას. ეს არის მათი საჭიროებების გაცნობა. ჩვენი მიზანია დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა, ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა. სოფლად მცხოვრები დევნილებისთვის მეტი ხელშეწყობა, რომ ისინი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები სოფლის მეურნეობაში. აუცილებელია, გაიზარდოს კომუნიკაცია დევნილებსა და სამინისტროს შორის, რათა მომავალში ეფექტური პროგრამების განხორციელება შევძლოთ“ - აღნიშნა დალი ხომერიკმა.
დევნილთა საჭიროებების შესწავლის მიზნით, ინტერვიუერები ყველა დევნილ ოჯახში მივლენ.
პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.

















