გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მარჯორი უორდროპის ფონდის მხარდაჭერით, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში
მარჯორი უორდროპის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. იუბილე იუნესკოს ეგიდით 2019 წლის განმავლობაში აღინიშნება, რაც საგარეო უწყების ცნობით, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა გახსნა. საქართველოს ელჩმა ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების კონტექსტში მარჯორი უორდროპის მოღვაწეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მარჯორი უორდროპის მემკვიდრეობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ფონდის დირექტორმა და უორდროპების კოლექციის კურატორმა, ჯილიან ევისონმა გააკეთა. მისი თქმით, მარჯორის არქივებისადმი ინტერესი სულ უფრო ძლიერდება, რაც შესაბამისი კვლევების გაფართოებაში გამოიხატება. ჯილიან ევისონმა დამსწრე საზოგადოებას მარჯორი უორდროპის წერილებიდან ამონარიდებიც გააცნო, სადაც გარდა საქართველოსადმი დიდი ინტერესის და სიყვარულისა, ასევე კარგად ჩანს მარჯორი უორდროპის სწრაფვა პროგრესული იდეებისა და ცვლილებებისკენ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა გამოფენა დაათვალიერეს და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერები გაკეთეს.
მარჯორი უორდროპის საიუბილეო წლის გახსნა ,,ვესტონ გალერეაში” ამჟამად მიმდინარე გამოფენის ‘Sappho to Suffrage: Women Who Dared’ ფარგლებში გაიმართა.
აღნიშნულ გამოფენაზე ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცული მასალები იმ ქალებზეა წარმოდგენილი , რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით საზოგადოებრივ ცვლილებსა და თანამედროვე პროცესებზე პროგრესული გავლენის მოხდენაში.

















