საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებით, რეგიონალურ საკაბელო მაუწყებლებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“კომისიიდან აცნობეს, დღესვე, უწყება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ტელეკომპანიებსაც შეხვდება.
გუშინ კი, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა. არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით, კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა, თბილისში მოქმედ საკაბელო ოპერატორებს კანონით დადგენილი ვალდებულებები კიდევ ერთხელ გააცნო.
მისი თქმით, 1 აგვისტოდან ამოქმედდა ე.წ Must Carry–ის პრინციპი და ტელეკომპანიებს უკვე შეუძლიათ მიმართონ საკაბელო ტრანზიტორებს და მიაწოდონ სიგნალი, რის შემდეგაც მათ სავალდებულო არხების ჩართვის ვალდებულება დაეკისრებათ.
კახი ყურაშვილის განცხადებით, კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ხელმისაწვდომია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების და საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების ფაქტობრივი და იურიდიული მისამართების და სხვა მონაცემების დაზუსტებული სია.

















