თბილისის მერი, კახა კალაძე წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა
, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გამოვეხმაურო წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სადაც ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე ამჟამად პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. კახა კალაძემ თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება.
დღეს დილით, წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევისას 7 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მათგან ხუთს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ორი კი დაკვირვებას საჭიროებს.

















