კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესს დააკვირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის წარმომადგენელმა მაგდა პოპიაშვილმა განუცხადა, გაერთიანებას საქართველოს მასშტაბით 73-ვე ოლქში ეყოლება წარმომადგენელი, მათ შორის, ერთი ჟურნალისტი, ერთი -დამკვირვებელი.
„ჩვენი წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობას და მონაცემების შეჯამების პროცესს დააკვირდებიან, ვინაიდან ახალი კოდექსით, შედეგების შეჯამება საოლქო კომისიაში ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ოლქში როგორ დაითვლება ხმები და როგორ მოხდება მისი ცესკო-ში გადმოგზავნა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ოლქებს დავაკვირდეთ და არა უბნებს, რადგან უბნებზე ისედაც ბევრი დამკვირვებელი იქნება“ - განაცხადა პოპიაშვილმა.
მისივე თქმით, კოალიციაში შემავალ რამდენიმე ორგანიზაციას არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება უკვე აქვს.
როგორც პოპიაშვილმა განმარტა, სადამკვირვებლო ფუნქციებს კოალიციაში შემავალი რამდენიმე ორგანიზაცია განახორციელებს, მათ შორის, „საქართველოს მედიაკლუბი“, „სამოქალაქო კონტროლის საერთაშორისო ცენტრი“, „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“, „სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
კანონის თანახმად, ვინაიდან კოალიცია იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ არის, მასში შემავალმა ორგანიზაციებმა დამკვირვებლის სტატუსის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცალ-ცალკე უნდა მიმართონ.

















