ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გამოდიოდა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლადო
ვარძელაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 23 წლის სპორტსმენს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპატიები გააჩნდა, ლონდონის ოლიმპიადაზე გასვლის წინ, ვარძელაშვილი და მისი მეგობარი გია უდესიანი პრობლემებს უქმნიდნენ.
„ჯერ კიდევ თვითმფრინავში ბეთქილ შუკვანს ვარძელაშვილი და უდესიანი უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, „მეგობრულად“ ურჩევდნენ, რომ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემთხვევაში, ოქროს მედალი „ქართული ოცნებისთვის“ არ მიეძღვნა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ქართველმა სპორტსმენმა პირველი შეხვედრა ავსტრალიელ სპორტსმენთან მოიგო, ხოლო მეორე შეხვედრაზე, სადაც მისი მეტოქე ფრანგი იყო, შუკვანს თითიდან სისხლი წამოუვიდა, რომლის დროსაც მსაჯი ვალდებული იყო შეხვედრა შეეჩერებინა და სპორტსმენისთვის ტრავმის დასამუშავებლად დრო მიეცა, რაც არ მოხდა.
შესაბამისად, შუკვანმა შეჯიბრი არასამართლიანი მიდგომის გამო წააგო. როგორც თავად სპორტსმენი ყვება, მან ვარძელაშვილს მიმართა და სთხოვა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება გაეპროტესტებინა.
„ვარძელაშვილმა ჩემი თხოვნა საერთოდ უპასუხოდ დატოვა. ამის შემდეგ სასტუმროში ვიყავი, როდესაც მითხრეს რომ გარეთ უდესიანი არაფხიზელ მდგომარეობაში 10 კაცთან ერთად მელოდებოდა. დაპირისპირებისთვის რომ თავი ამერიდებინა, ფანჯრიდან გადმოვიპარე და ახლობლების დახმარებით საქართველოში გამოვემგზავრე“ - აცხადებს ძიუდოისტი.
„ქართული ოცნება“ მოითხოვს პასუხი გაეცეს იმას, თუ რატომ ხდებოდა შუკვანზე ზეწოლა და რატომ არ მოხდა მისი შეჯიბრის ქართული ტელეარხებით გაშუქება.
„სამწუხაროდ, საქართველოში სპორტსმენებს ორ კატეგორიად ყოფენ - ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად “ - მიაჩნია ფანჯიკიძეს .
გახდება თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი, ამაზე გადაწყვეტილება შუკვანს ჯერ მიღებული არა აქვს, თუმცა, საკუთარ სიმპატიებს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ ღიად აფიქსირებს.
ამასთან, „ქართული ოცნება“ შუკვანისთვის ადვოკატს დაიქირავებს, რის შემდეგაც გადაწყდება გაასაჩივრებენ თუ არა ოლიმპიადაზე მსაჯის მოქმედებას.

















