დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ტურნირების ჩატარებას
რაიონის მასშტაბით განაგრძობს. ამჯერად, პაიჭაძის ქუჩაზე მოყვარული კალათბურთელებისთვის, ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბის თასი 2018“ გაიმართა. ჩემპიონატში დიდუბელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 14 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „დიდუბემ” მოახერხა, საუკეთესო ბომბარდირი მერაბ მირზიაშვილი გახდა, საუკეთესო მოთამაშე კი- ზურაბ მაისურაძე. ტურნირის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი დიდუბის რაიონის გამგეობისგან თასებით, მედლებით, სიგელებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით დაჯილდოვდა. „დიდუბის თასი 2018-ში“ გამარჯვებული გუნდი, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ, ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

















