„ჩვენ უნდა დავეხმაროთ და გავაძლიეროთ უნივერსიტეტები და არა - დავსაჯოთ ისინი.
ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. გვაქვს ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტებს უწევს რეკომენდაციას და რადიკალურ ნაბიჯებს არ დგამს, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემისათვის დამაზიანებელი შეიძლება გახდეს“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, სამინისტროს მთავარი მიზანია ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივცესთან ინტეგრაცია, კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია. „ჩვენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი უნდა გავხდეთ. ჩვენი სისტემის პირველადი შემოწმება ჩატარდა და ველოდებით დასკვნას, რომლის რეკომენდაციების შესაბამისად ვიმოქმედებთ. ვფიქრობთ, ჩვენი გეგმა მომავალი 2 წლის განმავლობაში დაძლევადია. წლევანდელი წელი გარდამტეხი იქნება“ - განაცხადა მინისტრმა.
ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, იგეგმება ცენტრის გაწევრიანება „ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში“ (EQAR) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმში“ (ECA), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და საერთაშორისო კვლევებში ქართული უნივერისტეტების ჩართულობას წაახალისებს.

















