სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ამ წუთებში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრები საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგრაციის სტრატეგიის საბოლოო პროექტს აცნობენ.
როგორ ჟურნალისტებს სამოქალაქო მომსახურების განვითარების სააგენტოს უფროსმა გიორგი გაბრიელაშვილმა განუცხადა, მიგრაციის სკითხთა სამთავრობო კომისიამ სტრატეგიის სამუშაო ვერსია მიიღო.
მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის ძირითადი ჩარჩოს ჩამოყალიბებას და მიგრაციის მართვის პროცესს გააუმჯობესებს.
„ეს დოკუმენტი მოიცავს მიგრაციის ყველა ასპექტს. ჩვენ, ყველაფერს თავი ერთ დეკლარაციაში მოვუყარეთ და გასაგები დოკუმენტი შევიმუშავეთ. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ, რომელიც აღნიშნულ საკითხთან არის დაკავშირებული“ - განაცხადა გაბრიელაშვილმა.
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ, მიგრაციის სტრატეგია დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფი 2011 წლის ივლისიდან მუშაობს.

















