logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იუსტიციის სამინისტრო: „რუსთავი-2“-მა ფაქტები შეგნებულად დაამახინჯა
იუსტიციის სამინისტრო: „რუსთავი-2“-მა ფაქტები შეგნებულად დაამახინჯა
14:26 03.02.2019
იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შაბათის კურიერში” 2 თებერვალს გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც ერაყში მყოფი საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პრობლემას ეხებოდა. გადაცემის წამყვანის თქმით, „ამ დროს სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ არაფერს აკეთებს“.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიის ჟურნალისტი დაუკავშირდა სამინისტროს და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელისაგან მიიღო სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მასშტაბური ღონისძიებები ტარდება არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად. კერძოდ, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სარაჯიშვილმა ვრცელ ვიდეოკომენტარში (რომლის დაუმონტაჟებელ ვერსიასაც სამინისტრო აქვეყნებს) განმარტა, რომ:

 2018 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ბავშვების დედამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, უწყება არა მარტო იურიდიულ, არამედ მორალურ დახმარებას უწევს თეონა ტეფნაძეს, რათა მას დაეწყო სამართლებრივი ბრძოლა შვილების დასაბრუნებლად და, როგორც არაერთხელ ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ბრძოლა შუა გზაზე არ მიეტოვებინა. ამისათვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან არასრულწლოვნების დედასთან, აწვდიან მას ყველა ინფორმაციას და გამუდმებით არწმუნებენ პროცესის გაგრძელების აუცილებლობაში;

 იუსტიციის სამინისტრომ თეონა ტეფნაძეს ერაყში აუყვანა ადგილობრივი ადვოკატები, რომლებიც ბაღდადში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე იცავენ მისი და ბავშვების ინტერესებს და სამართლებრივად იბრძვიან არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად. საქმეში ერაყელი ადვოკატების ჩართვის გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი იურისტები უკეთ იცნობენ ერაყის კანონმდებლობასა და მართლმსაჯულების სისტემას. ადვოკატების მომსახურების ხარჯებს სრულად ფარავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

 სამართლებრივი დავის წარმოებისათვის იუსტიციის სამინისტრომ თეონა ტეფნაძისა და მისი შვილების დოკუმენტაცია სრულიად უსასყიდლოდ დაამზადა (10-ზე მეტი დოკუმენტი), თარგმნა არაბულ ენაზე, ასევე უსასყიდლოდ მოახდინა მისი ლეგალიზაცია და ერაყში გაგზავნა;

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ერაყის იუსტიციის სამინისტროს სპეციალური საერთაშორისო კონვენციის - ბავშვთა გატაცების შესახებ ჰააგის კონვენციის - ფარგლებში და მოითხოვა არასრულწლოვნების სამშობლოში დაბრუნება;

 იუსტიციის სამინისტრომ პროცესში ჩართო ერაყის საელჩო საქართველოში და საქართველოს საელჩო, რომელიც ფარავს ერაყის რესპუბლიკას;

 იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ბავშვების დაკავებას ერაყის რესპუბლიკაში მშობლების გარეშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა გაეროს ბავშვთა ფონდს ერაყში, რომელიც ასევე იცავს ეხმარება საქართველოს მხარის, თეონა ტეფნაძისა და მისი შვილების ინტერესებს ბაღდადში;

 თეონა ტეფნაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა მას ფსიქოლოგის დახმარება სრულიად უსასყიდლოდ;

 იუსტიციის სამინისტროს მჭიდრო კავშირი აქვს ერაყელ ადვოკატებთან და იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ; ამ დროისათვის, საბედნიეროდ, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იურისტების თქმით, მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, რის შესახებაც ინფორმირებულია არასრულწლოვანთა დედა;

 იუსტიციის სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს თეონა ტეფნაძესთან როგორც ბავშვების მდგომარეობის, ისე სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და ახდენს მის ინფორმირებას სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რათა მან არ დაკარგოს იმედი და არ შეწყვიტოს ბრძოლა შვილების დასაბრუნებლად. უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ეს კომუნიკაცია განსაკუთრებით ინტენსიურია.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, გარდა ამ დეტალური ინფორმაციისა, დამატებით უპასუხა ჟურნალისტის კითხვებს და განუმარტა მას, რომ ერაყის რესპუბლიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი სამართლებრივი სისტემისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა დრო დასჭირდება არასრულწლოვანთა სამშობლოში დაბრუნებას და ამის შესახებ ინფორმირებულია თეონა ტეფნაძეც. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ შეწყვეტს ბრძოლას და ყველაფერს გააკეთებს პროცესის წარმატებით დასასრულებლად.

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტს ისიც განუმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ერაყის რესპუბლიკაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საქართველოში ბავშვების დაბრუნების მიზნით დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაჟღერებამ, შესაძლოა, დააზიანოს არასრულწლოვნებისა და მათი დედის ინტერესები. თუმცა, უკვე გადადგმული ნაბიჯების შესახებ ჟურნალისტის კითხვებს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა.

მიუხედავად ამისა, ჯერ გადაცემის ანონსში, შემდეგ კი სიუჟეტის ეთერში გასვლისას „შაბათის კურიერის“ წამყვანის მხრიდან ითქვა, რომ „სახელმწიფო არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს“, სამინისტროს წარმომადგენლის ვრცელი და ამომწურავი ინტერვიუს ნაცვლად კი „რუსთავი-2“-ის მაყურებელმა ნახა მოკლე კომენტარი, რომელიც ნაწილობრივადაც ვერ ასახავდა იმ ღონისძიებებს, რაც საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების დაბრუნების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გატარდა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი-2“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფაქტების შეგნებულად დამახინჯებას და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს ერაყიდან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების დაბრუნების წარმატებული პრეცედენტი - 2018 წლის 13 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა წარმატებით დაასრულა ჰუმანიტარული მისია და საქართველოს სამი არასრულწლოვანი მოქალაქე - 6, 5 და 2 წლის ბავშვები ოჯახს დაუბრუნა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ისათვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ მიცემული ინტერვიუ შეგიძლიათ, ნახოთ აქ:  https://wetransfer.com/downloads/d8872e8f669a37bd660597722c4cad2a20190202123757/d0ebcf?fbclid=IwAR2VZvtHY7RQBVXHBqD_XSaGIwW6iUZTUnhInUX9czl3nlN6GUAF-MDZ6EY


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა