დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა საზოგადოებას 2018 წლის ანგარიშის
პრეზენტაცია წარუდგინა.
2018 წელს დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 76 681 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციას რეაბილიტაცია 25 მისამართზე ჩაუტარდა; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 927 მისამართზე განხორციელდა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცეების განვითარების მიმართულებით მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 96 სკვერს. 4 მისამართზე 47 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და მათ ნაცვლად მოეწყო მოსასვენებელი სკვერები. ასევე, საბავშვო გასართობი მოედნები, ფიტნეს ტრენაჟორები და უსაფრთხოების მოაჯირები 47 მისამართზე მოეწყო.
ასევე, დიდუბესა და დიღმის მასივში გაკეთდა კალათბურთისა და ფეხბურთის 4 ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი, ხოლო 35 მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დიდუბის რაიონში 2018 წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 12 890 000 ლარი დაიხარჯა.
დიდუბის რაიონის გამგეობის 2018 წლის შემაჯამებელ ანგარიშს დიდუბისა და დიღმის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში, ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია, რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, საზოგადოებრივი საბჭოს წევრები და ამხანაგობის თავმჯდომარეები დაესწრნენ.

















