საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
მოადგილე გიორგი ჟღენტი ამ წუთებში სამინისტროსთან შეკრებილ დევნილებს ესაუბრება.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ განუცხადა, სამინისტროს კარი დევნილენისთვის ყოველთვის ღიაა.
„როგორც კი გავიგეთ დევნილების მოთხოვნა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისა, მაშინვე ჩამოვედით, რათა მათ გავსაუბრებოდით. რაც შეეხება სამინისტროს კარის დაკეტვას, დაცვის თანამშრომელმა იფიქრა, რომ სამინისტროში შეჭრა ხდებოდა. მათ თავისი ინსტრუქციები აქვთ, თუმცა, ვცხადებ, რომ სამინისტროს კარი ამ ადამიანებისთვის ყოველთვის ღიაა“ - განაცხადა ჟღენტმა.
გიორგი ჟღენტი „მომავალი საქართველოს“ ლიდერს გიორგი ლაღიძესაც გაესაუბრა.
როგორც ლაღიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროს წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ დევნილთა პრობლემებზე მუშაობა დაწყებულია და საქმის მოსაგვარებლად გარკვეული დროა საჭირო.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დევნილების საპროტესტო აქცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთი თვის განმავლობაში შეწყდეს და თუ ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული საკითხი არ მოგვარდება საპროტესტო აქციები განახლდება“ - განაცხადა ლაღიძემ.
აფხაზეთიდან დევნილები უკვე სამი თვეა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით აქციებს პერმანენტულად მართავენ.
იგივე მოთხოვნით, აქციისგან დამოუკიდებლად, სამინისტროსთან უკვე მეორე დღეა დევნილი რამაზ არონია შიმშილობს.

















