საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის კახა ბექაურის განცხადებას - ტელეკომპანიებისთვის საკაბელო მაუწყებლების სიის
ხელმიუწვდომლობის შესახებ, მართებულად არ მიიჩნევს.
კახა ბექაურის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიებმა თავად უნდა მიმართონ საკაბელო ტრანზიტორებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ მათ არხის პაკეტში ჩასმის ვალდლებულება, არასწორია. მისივე თქმით, ტელეკომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის საკაბელო მაუწყებლების სია, რაც სავალდებულო არხების ჩართვის პროცესს გააჭიანურებს.
კომისიაში განმარტავენ, რომ ბექაურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 29 ივნისს, ბექაურმა კომისიას ყველა ავტორიზებული პირის სიის მიწოდებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა. ხოლო 4 ივლისს კომისიამ „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას ავტორიზებულ პირთა სია გაუგზავნა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ამ ეტაპზე კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზეც ხელმისაწვდომია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების იურიდიული და ფაქტობრივი მისამართების და სხვა მონაცემების დაზუსტებული სია.

















