საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - ინსტიტუტის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით,
უკანონოს უწოდებენ და სამართლებრივი გზით ბრძოლას აპირებენ.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, ყადაღის დადებასთან დაკავშირებით მათ განმარტებები მოითხოვეს, თუმცა, საქალაქო სასამართლოდან მიიღეს პასუხი, რომ ინსტიტუტი მხარე არ არის და შესაბამისად, მათი მოთხოვნა მიზეზის განმარტებასთან დაკავიშრებით ვერ დაკმაყოფილდებოდა.
“სასამართლოს პასუხიდან ირკვევა, რომ ინსტიტუტს უფლება არ აქვს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, „პროგრესს ბანკში“ ინსტიტუტის საბანკო ანგარიშების ყადაღის მოხსნის საკითხი გაურკვეველია, რაც ფაქტობრივად ინსტიტუტის საქმიანობის პარალიზებას იწვევს“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, თუ ფაქტის გასაჩივრება საქართველოს სასამართლოს მეშვეობით არ მოხერხდა, მაშინ ინსტიტუტის წარმომადგენლები ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
„ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, რადგან ინსტიტუტმა თავისი საქმიანობა უნდა გააგრძელოს. ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით არანაირი ბრალეულობა არ იკვეთება“ - განაცხადა აქუბარდიამ.
აქუბარდიას განმარტებით, კვლევითი ინსტიტუტის დაარსების დროს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მის ანგარიშზე შემოწირულობა განახორციელა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუტის ფინანსებთან დაკავშირებით არანაირი ბრალეულობა და ე.წ გონივრული ეჭვი არ იკვეთება, მომხდარს ივანიშვილის მიერ დაფინანსებას არ ვუკავშირებთ“ - განაცხადა მან.
აქუბარდიას განცხადებით, ინსტიტუტის საქმიანობა ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ არის დაკავშირებული. ფინანსური დავალიანების გამო კი, შესაძლოა, საქმიანობა შეწყვიტოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ მიიღო, რაც ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ „პროგრესს ბანკს“ საკუთარი ანგარიშების მეშვეობით ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებით მიმართა.
აღნიშნულის საფუძველზე ამონაწერის მოთხოვნის შემდეგ მიღებული პასუხიდან გაირკვა, რომ ინსტიტუტის ანგარიშები დაყადაღებულია.

















