აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავის აღსანიშნავად, ამერიკელ და ქართველ ალპინისტთა ერთობლივი ჯგუფი მწვერვალ თეთნულდს დალაშქრავს.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, მთამსვლელები მესტიაში 4 აგვისტოს დაბრუნდებიან. თეთნულდის დალაშქვრის გარდა, დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის, მესტიის დათვალიერება, უშგულში გასეირნება, ქართული ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება და კულტურული საღამოები. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი სვანეთს ესტუმრება.
სვანეთში ჩასვლამდე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი დღეს აღმოსავლეთ–დასავლეთის გაზსადენის სენაკი–აბაშის მონაკვეთს მოინახულებს, რომელიც აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით შეკეთდა.
სვანეთში ყოფნისას აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პროფესიული განათლების ცენტრს ესტუმრება, რომელიც აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.
ღონისძიების ორგანიზატორები აშშ–ის საელჩო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან.

















