დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
16:35 18.01.2019
დედაქალაქის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და
მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ბუშის ქუჩაზე თარგების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ტერიტორია და რა რთული სიტუაცია იყო აქ გამწვანების მხრივ. გვინდა, აღნიშნულ ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. ეს ერთ-ერთი ლამაზი სივრცე იქნება, მოწესრიგებული სარწყავი სისტემებით. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და ტერიტორია საკმაოდ მიმზიდველი გახდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის ცნობით, ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებულ თარგებში სარწყავი სისტემა მოეწყობა, დაითესება ბალახი და სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგვება. პირველი თარგი ტერასულად მოეწყობა, ხოლო, მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება. პირველ თარგზე არსებული ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი საინფორმაციო ბანერი მოიხსნება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული დიზაინით, ახალი ბანერი განთავსდება.
მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი და განათების სისტემა მოეწყობა, მცენარეები დაირგვება და ბალახი დაითესება.
ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაეცნენ.