გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“ ხელმძღვანელს ტანგმარ მარმონს შეხვდა.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, მადლობას ვუხდი გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის კლიმატის ცვლილების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განხორციელებისას მუნიციპალიტეტების როლის გაძლიერებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროსთვის, როგორც მერების შეთანხმების კოორდინატორი უწყებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის არსებობა თუ რა გამოწვევების წინაშე არიან მუნიციპალიტეტები კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებისას.
გამართულ შეხვედრას ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
რუსთავი ერთ-ერთი პირველია, ვინ მერების შეთანხმებას მიუერთდა და ასევე პირველმა სადემონსტრაციო პროექტის განხორცილების უფლება მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც განიხილება ინიციატივა ქალაქში ველოტრანსპორტის, როგორც გადაადგილების ალტერნატული საშუალების განვითარება.

















