პარტია „მომავალი საქართველოს“ ორგანიზებით, დედაქალაქის მერიასთან ე.წ „ატსტუპნიკების“ მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, „ატსტუპნიკები“ უკვე მერვე თვეა ბინების დაკანონების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავენ, თუმცა, უშედეგოდ.
„თითქმის ყველა შესაბამის უწყებას მივმართეთ „ატსტუპნიკების“ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ უშედეგოდ. პოსტ საბჭოთა ქვეყნების თითქმის ყველა ქვეყანაში ეს პრობლემა „ატსტუპნიკების“ სასარგებლოდ გადაწყდა. თუმცა, საქართველოში კვლავ მოუგვარებელია“ - განაცხადა ლაღიძემ და დასძინა, რომ აქციის მონაწილეები მანამდე არ დაიშლებიან, სანამ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მათ არ შეხვდება.
მისივე თქმით, თუ „ატსტუპნიკების“ პრობლემა არ მოგვარდა, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ - შიმშილობას დაიწყებენ და მოახლოებულ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

















