სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებული ქართველი მეზღვაურები სახლეფასო დავალიანების ნაწილის გასტუმრებას დღეს ელოდებიან.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეკიპაჟის წევრებს გუშინ გემის კაპიტანი შეხვდა და პირობა მისცა, რომ კუთვნილ გასამრჯელოს ნაწილს დღეს მიუტანენ, ხოლო დარჩენილ სახელფასო დავალიანებას 1-ელ აგვისტოს სრულად აუნაზღაურებენ.
გემზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფება, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი აზერბაიჯანის და ორიც თურქეთის, თუმცა, საქართველოს საელჩოს გარდა დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა.
„კომპანიის საერთო დავალიანება 170 ათას აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, ქართველი მეზღვაურებისთვის მათ მიერ გადასახდელი თანხა 70 ათასამდეა. აზერბაიჯანის მოქალაქეებსაც ჩვენი იმედი აქვთ, რომ კუთვნილი ხელფასი მიიღონ და სახლებში დაბრუნება შეძლონ“ - აცხადებს ქართველი მეზღვაური.
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, უკვე სამი თვეა ეკიპაჟის 10 წევრი მიტოვებულია, მათ შორის არის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.

















