სასტუმროში ,,Rooms Hotels’’ „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა
ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე დაესწრო და ახალგაზრდებს მიმართა:
„ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მოხდეს მხოლოდ ერთი რომელიმე სექტორის აქტიური ჩართულობით, ის მოიცავს როგორც ბიზნეს, ისე, არასამთავრობო და საჯარო სექტორებს. აქედან გამომდინარე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ფორუმს, საქართველო ნამდვილად საჭიროებს იმ რესურსს, რომელიც ამ ახალგაზრდების სახით არსებობს“.
ფორუმს ასევე დაესწრნენ ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრები ვიცე პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ცენტრის კურსდამთავრებულთა დაახლოება მათთან პროფესიულად დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. ფორუმში მონაწილეობა ასოციაციის 60-მდე წევრმა და 25-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა მიიღეს.
ფორუმი უკვე მესამედ გაიმართა. ფორუმზე ახალგაზრდა პროფესიონალებმა, რომლებმაც განათლება და გამოცდილება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს, საკუთარი გამოცდილება, თანამშრომლობისა და ჩართულობის შესაძლებლობები გაუზიარეს მონაწილე ორგანიზაციებს და თავადაც გაეცნენ მათი საქმიანობის სპეციფიკას.
კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია და განიხილავს კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს, მეორე ნაწილი კი - ახლახან დაბრუნდა ქვეყანაში და მზადაა ახალი პროფესიული გამოწვევების მისაღებად.

















