სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, წელს ახალშობილებს ყველაზე ხშირად გიორგის და ნინოს არქმევენ.
გასულ წელს გოგონების ყველაზე პოპულარული სახელი მარიამი იყო.
სახელს - გიორგი პოპულარობით არ ჩამოუვარდება ნიკოლოზი. სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2012 წელს 1 583 ახალშობილს გიორგი, ხოლო 1 521 პატარას ნიკოლოზი დაარქვეს. წელს ასევე, პოპულარული სახელებია - ლუკა, ანდრია, საბა, დავითი, ალექსანდრე, მათე, დიმიტრი, გაბრიელი, ირაკლი, ილია, ზურაბი, დაჩი, თეიმურაზი, ცოტნე, ლევანი, ივანე, ლაზარე, თორნიკე და სხვა.
სააგენტოს ინფორმაციით, წელს საქართველოში 2 523 ნინო დაიბადა. ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია - ნინო, მარიამი, ბარბარე, ანასტასია, ანა, ელენე, ელიზავეტა, ნია, თამარი, ნატალია, თეკლე, სალომე, ქეთევანი, ლია, ანამარია, თათია, სოფია, ნანა, ეკატერინე, თინათინი და სხვა.
რაც შეეხება ყველა ასაკში სხვადასხვა დროს პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი (193 828 მოქალაქე), ხოლო ქალებს ყველაზე ხშირად ნინოს არქმევენ - 246 879.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში სხვადასხვა წლებში იშვიათი სახელებიცაა აღრიცხული, მათ შორის, მოქეიფე, თაგუნა, ფემისტოკლე, ფიზიკა, პელე, გარინჩა, კაცი, ქალი, ვებერთელა, მხედარი, კუსა, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანილა, მგელა, ცაცია, ხუმარა, სამძიმარა, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ნიუტონი, სევდაგული, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო და სხვა.

















