კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიას კოალიციის მიერ ახლახანს მოპოვებული ინფორმაციის
შესწავლას სთხოვს. ამის შესახებ კოალიციის ხელმძღვანელებმა, ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილმა, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, ასევე, რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მელაშვილის თქმით, კოალიციის წევრებმა ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლის შმაგი ურატაძის კუთვნილი მეხსიერების ბარათი მოიპოვეს, რომელზე ჩაწერილი ინფორმაცია და მოხსენებითი ბარათები ადასტურებს, რომ პოლიცია წინასაარჩევნო პროცესებში უხეშად ერევა. კონკრეტულად, ბარათზე არის ინფორმაცია სოფელ აცანასა და ჯურუყვეთის მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების საჯარო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების შესახებ.
იქვე, ცალკეა გამოყოფილი იმ ადამიანთა მონაცემები, რომელთაც სოფელში სატელიტური თეფშები უდგათ, ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „კომპანიაში დასაქმებული პირების“ ვინაობა.
კოალიციამ გადაამოწმა პოლიციელ ურატაძის მიერ შეგროვებული ინფორმაციის ნაწილი, რის შედეგადაც მისი ნამდვილობა დადასტურდა.
„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციელი ურატაძე ამ „შრომატევად“ საქმიანობას არა საკუთარი ინიციატივით, არამედ, თავისი ხელმძღვანელების დავალებით ასრულებდა“ - განაცხადა მელაშვილმა.
„არჩევანის თავისუფლებისთვის“ მიმართავს უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიას სასწრაფოდ შეისწავლოს არსებული ინფორმაცია, გამოძიების ჩატარება კი, სამართალდამცავ ორგანოებს დაევალოს.
ამასთან, კოალიციის წევრები არ არიან დარწმუნებულები, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის მეხსიერების ბარათის გადაცემის შემთხვევაში მასზე არსებული ინფორმაცია არ წაიშლება, ამიტომ ისინი უწყებათაშორის კომისიას მიმართავენ შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც საკითხს შეისწავლის. კომისიაში არასამთავრობო ორაგნიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები უნდა შევიდნენ. კოალიცია მზადაა მეხსიერების ბარათი და მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია აღნიშნულ კომისიას გადასაცეს.

















