ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წესში ცვლილება შევიდა. ამ საკითხზე დღეს საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე იმსჯელეს და დაამტკიცეს.
ცვლილება ეხება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განსახორცილებლად გათვალისწინებული „თანხების განკარგვისა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებას.
ცვლილების თანახმად, ბინის მესაკუთრესთან ერთად, კანონიერ მოსარგებლესაც მიეცემა საშუალება შენობის კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხის მოთხოვნით რაიონულ გამგეობას მიმართოს და შესაბამისი დაფინანსება მიიღოს.
„აღნიშნული ცვლილების თანახმად, ბინის მესაკუთრეებთან ერთად კანონიერ მოსარგებლეებს ანუ ე.წ. „ატსტუპნიკებს“ შესაძლებლობა მიეცემათ შესაბამის გამგეობებს კორპუსის კეთილმოწყობისთვის, კონკრეტულად კი - სახურავების შესაკეთებლად, ასევე, კიბეებისა და ლიფტების მოსაწესრიგებლად და წყალ-კანალიზაციის მილების შესაცვლელად საჭირო თანხის მოთხოვნით შესაბამის გამგეობას მიმართონ“ - განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა.
საკრებულომ შესაბამისი ცვლილება დაამტკიცა.

















