განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემის რეფორმის
ფარგლებში მასშტაბური პროექტებს ამზადებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ამ მიმართულებით კომპლექსური პროექტის განხორციელება იგეგმება.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პირველ რიგში, აღნიშნული პროექტი სკოლებში სპორტის სასწავლო კომპონენტის მაქსიმალურად გაძლიერებას ემსახურება. პროექტზე სამინისტრო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტთან ერთად მუშაობს. ეს იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის აქტიურად შეტანა სკოლებში, სპორტსმენების ჩართვა, ფიზიკური და მენტალური აღზრდის სპეციალისტების გაჩენა - მოსწავლეებთან და მოსწავლეების ჯგუფთან ინდივიდუალურად მუშაობისთვის, მასობრივი სპორტის დანერგვა ახალი მეთოდოლოგიებით.
„აუცილებელია მოსწავლეების დაინტერესება, მათთვის სერიოზული სპორტული პროექტების შეთავაზება სპორტის მიმართულებით, სპორტის სწავლების გაძლიერება სკოლებში, რაც ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ,“ - აღნიშნა, განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

















