თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია გაიმართა.
პირველად საქართველოში, უძვირფასესი კოლექციის პრეზენტაცია 3D ვიდეო-ინსტალაციის გამოყენებით განხორციელდა.
„თანამედროვე, კონცეპტუალური ხედვით დამთვალიერებელი მიიღებს ინფორმაციას ქართულ იდენტობაზე და საქართველოს ინტელექტუალურ-კულტურულ წარსულზე. გამოფენა ქართული კულტურის პოპულარიზაციას, საქართველოს პოზიციონირებას ევროპაში და ტურისტული პოტენციალის განვითარებას ხელს შეუწყობს. ინსტალაცია თავისი კონცეფციითა და ესთეტიკით მსოფლიოს კულტურულ სივრცეში ღირსეული გზავნილი იქნება,“ - განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაალ აბაშიძემ.
ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა, მათ შორის გამომცემლობა „ბაკმის“ მიერ გამოცემული ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსნისა“. გამოფენას თან ახლავს „ამბიენტ“ ექსპერიმენტალური ელექტრონული მუსიკა ცოცხალი შესრულებით.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის ძალზედ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის საცავი. მის კოლექციებში შემონახულია, როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები - ძვირფასი ქვებით მოჭედილ ყდებში ჩასმული მდიდრულად მოხატული სახარებები, ასევე, ასტროლოგიური, „ქართლის ცხოვრების“, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები და სხვ.

















